„ჩვენ, ფაქტობრივად ვასრულებთ კოალიციური ცხოვრების ერთ ეტაპს არჩევნებისთვის და ამის შემდეგ ვიწყებთ მეორე ეტაპს“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი, მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. ჩვენ ახლა ოქტომბერში არჩევნებზე მივდივართ არა ვინმე ბოროტებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად. ამიტომ კოალიციური შეთანხმება ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე, რომლის აუცილებლობაც 4 წლის წინ არ იყო, დღეს დგას და ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობა, როდესაც კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს ძალიან კონკრეტულ პუნქტებს; განათლებაში კონკრეტულად რას ვგეგმავთ ერთად მომდევნო 4 წლის განმავლობაში; ქართული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებში რას ვგეგმავთ ერთად 4 წლის განმავლობაში; საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში 4 წლის განმავლობაში ზუსტად რას ვგეგმავთ ერთად; როგორ წარმოგვიდგენია ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტული გამოყენება, რომ თითოეულმა მოქლაქემ იგრძნოს მისი ხიბლი და სარგებლიანობა, ეს ვიზა-ლიბერალიზაციასთან კავშირში იქნება თუ საბაჟო შეთანხმებებთან თუ ა.შ.? ამ ყველაფერზე აუცილებელია შეთანხმება. მე მოხარული ვარ, რომ პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ასე უყურებს საკითხს, და ჩვენ უახლოეს ხანებში ამ თემაზე გვექნება კონსულტაციები. არავის არ აქვს რაიმე განსაკუთრებული სიხარულის საფუძველი, ან უბედურების საფუძველი კოალიციაში შემავალ პირებს თუ პარტიებს ან კოალიციის გარეთ მყოფ პირებს, და მე ყველას მივმართავ, რომ მზად იყვნენ რაღაცა მსგავსი პროცესისთვის, სრულიად მშვიდად და წყნარად”, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
The post დავით უსუფაშვილი კოალიციის სამომავლო მდგომარეობაზე საუბრობს appeared first on InfoLab.